მეცნიერებმა დიდი ხნის საიდუმლოს ახადეს ფარდა. მათ ფრინველების მასობრივი თვითმკვლელობის მიზეზი ახსნეს, რაც 1961 წელს კალიფორნიაში დაფიქსირდა და ალფრედ ჰიჩკოკის ”ჩიტების” შექმნის საფუძველი გახდა.
ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის ზღვის ფაუნის შემსწავლელმა ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ ფრინველების მაშინდელი უჩვეულო საქციელის მიზეზი საკვებით მოწამვლა გახდა.
მეცნიერული კვლევები იმდროინდელი ფრინველების ნაშთებზე ჩატარდა. ამ თოლიების, ისევე როგორც კალიფორნიის ფაუნის იმდროინდელი ბინადრების კუჭებში მჟავა C15H21NO6- ის კვალი აღმოჩნდა. ეს ტოქსინი ნერვული სისტემის მოშლას და სივრცეში ორიენტაციის დარღვევას იწვევს.
ეს ნივთიერება ფრინველების ორგანიზმში პლანქტონებმა ”შეიტანეს”, რაც თოლიების საკვები რაციონის ნაწილი იყო. იმ დროს პლანქტონები ამ საშიში მჟავათი იყვნენ მოწამლულები. ოკეანეში ეს ნივთიერება სავარაუდოდ, კანალიზაციის საშუალებით მოხვდა.
ფრინველების არანორმალური საქციელი მონტერეიში 1990 წელსაც დაფიქსირდა.
50 წლის წინ ზაფხულში ათასამდე თოლია სან-ფრანცისკოს სამხრეთით, მონტერეის ყურეს სანაპიროზე დაენარცხა და დაიხოცა. ამ მოვლენამ ცნობილ რეჟისორზე, ალფრედ ჰიჩკოკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ის საკუთარ ფილმში ”ჩიტები” გამოიყენა. ამ ფილმის მიხედვით, ფრინველები ადამიანებს თავს ესხმიან. ფილმი ჟანრობრივად ფანტასტიკური თრილერის, ფილმ-კატასტროფის, საშინელებათა ფილმისა და მელოდრამის ელემენტებს შეიცავს.