შოუბიზნესის სფეროშიც აჯამებენ წლის შედეგებს და სხვადასხვა სახის რეიტინგებთან ერთად იმ ადამიანებსაც გამოავლენენ, რომლებმაც გასულ წელს თავი გამოიჩინეს გმირული თუ სამაგალითო საქციელით.
მაიკლ დუგლასის გამარჯვება
ამ წლის აგვისტოში მსახიობ მაიკლ დუგლასს ხორხის სიმსივნე დაუდგინეს. თუმცა დეპრესიაში არ ჩავარდნილა, სულით არ გატეხილა და დაავადებას არ დანებდა. მაშინვე დაიწყო სნეულებასთან ბრძოლა, რაშიც მისი ცოლის დამსახურებაც არის. კეტრინ-ზეტა ჯონსი გამუდმებით გვერდით ედგა ქმარს. მსახიობი მკვეთრად გახდა და ისე გამოიყურებოდა, ბევრს ეგონა, მისი დღეები დათვლილი იყო. თუმცა მალე გამოაცხადა, რომ დაავადება დაამარცხა და სიმსივნე გაიწოვა ორგანიზმმა. ქიმიოთერაპიის კურსმა და გაუტეხელმა სულმა ერთად "იბრძოლეს" და გამოუვიდათ კიდეც. მსახიობი კვლავ მხნედ არის და თავის ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, მუშაობასაც შეუდგა და მალე ალბათ მის ახალ კინონამუშევრებსაც ვიხილავთ.
ჰერცოგინია ალბას "აბსურდი"
85 წლის ასაკში გათხოვება აბსურდია? ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანმა ქალმა, ჰერცოგინია ალბამ სულ სხვანაირად განსაჯა და საკუთარ ბედნიერებას წინ არ აღუდგა. 2011 წლის 5 ოქტომბერს ალბამ თავისზე 24 წლით უმცროს ჩვეულებრივ ჩინოსან ალფონსო დიეზზე იქორწინა. ქორწილში ისეთი აქტიური იყო, შესანიშნავად იცეკვა კიდეც და ყველას დაუმტკიცა, რომ ცხოვრება არასდროს მთავრდება, სანამ ცოცხალი ხარ.
წყვილი ბოლო ოთხი წელი ხვდებოდა ერთმანეთს და ალბას შვილები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. საბოლოოდ იმას მიაღწიეს, რომ საქმროს ხელწერილი დააწერინეს, რომლის მიხედვითაც ის უარს ამბობს ალბას ზღაპრული ქონებიდან რაიმე წილზე. ეს ქორწინება ალბასთვის მესამეა. ორი წინა ქმარი მან უკვე "მოინელა".
გმირი კეიტ უინსლეტი
კეიტ უინსლეტი უდავოდ 2011 წლის ერთ-ერთი გამორჩეული გმირია, რომელმაც საკუთარი სიმამაცისა და სიმტკიცის წყალობით 90 წლის ქალს დახმარება აღმოუჩინა. კეიტმა თავისი მეგობრის, მილიარდერისა და კომპანია Vირგინ-ის დამფუძნებლის რიჩარდ ბრენსონის მიწვევა მიიღო და კარიბის ზღვაზე მის კუნძულზე ჩავიდა. თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ძლიერი ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. 23 აგვისტოს ღამით კუნძულზე ხანძარი გაჩნდა და მათ სახლსაც მოეკიდა ცეცხლი. რთულ სიტუაციაში კეიტი მართლაც ნამდვილი გმირივით მოიქცა - ხელში აიყვანა მილიარდერის დედა, 90 წლის ევა და აალებული სახლიდან გამოიყვანა (თვით ბრენსონი ამ დროს კუნძულის მეორე მხარეს იმყოფებოდა).
ბრიტანელმა მილიარდერმა კეიტს მადლიერების ნიშნად საოცარი საჩუქარი გაუკეთა - 2012 წლის აპრილში მასთან ერთად ჩაყვინთავს 3820 მეტრის სიღრმეში ატლანტის ოკეანეში და ჩაძირულ "ტიტანიკს" ნახავენ.
ანჯელინასა და ბრედის ქველმოქმედება
გმირების სია როგორ შეიძლება მათ გარეშე? ეს წყვილი რა ხანია ყველაზე ხელგაშლილ ქველმოქმედად მიიჩნევა.
2011 წლის დასაწყისიდანვე დაიწყეს მორიგი ქველმოქმედება და 2 მლნ დოლარი გადაურიცხეს ნამიბიის ნაკრძალს, სადაც შობა თავიანთ შვილებთან ერთად გაატარეს. წყვილს თავისი საქველმოქმედო ფონდი აქვს და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილს თუ უბრალოდ გაჭირვებულ ხალხს ეხმარება. ანჯელინა თავადაც დადის ამგვარ ადგილებში, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, უშუალოდ ეცნობა გაჭირვებულთ თუ უუფლებოებს და დახმარებას აღუთქვამს. ასე მოხვდა ხან სომალიში, ხან სერბეთში და სხვა ადგილებში.
|